უნივერსალი (ავტომობილი)
უნივერსალი (ინგლ. estate; ამერ. station wagon) — მსუბუქი ავტომობილის სახეობა, რომელსაც გააჩნია ორგანყოფილებიანი აგებულება, წინ ძრავას სათავსით და უკან გაერთიანებული სამგზავრო და საბარგო სივრცით. ძარა მსგავსი აქვს ჰეტჩბეკის, თუმცა ოდნავ დაგრძელებული, ბოლომდე გაყოლებული გადახურვით, რომელიც სრულდება ვერტიკალური კარით და მეტი ტვირთის დატევის საშუალებას იძლევა.[1]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინი „უნივერსალი“, ამ ტიპის მანქანების დასახელებად ძირითადად გამოიყენება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მაშინ როცა ევროპაში, MPV (ემ-ფი-ვი, შემოკლება ინგლ. multi-purpose vehicle — მრავალმხრივი დანიშნულების ავტომობილი) ჩვეულებრივ იხმარება მინი-ფურგონის (ამერ. Minivan — მინივენი) აღმნიშვნელად. მინი-ფურგონს გააჩნია უფრო მაღალი ჭერი და გაზრდილი სივრცე, კიდევ უფრო მეტი მგზავრის ან დიდი ოდენობით ტვირთის დასატევად.
ბრიტანულ ინგლისურში, მოცემული სახის მანქანები მოიხსენიება როგორც Estate car (აღჭურვილობის გადასატანი), ასევე როგორც Shooting-brake (სანადიროდ განკუთვნილი ეტლის ძარასთან მსგავსების გამო),[2] მათ შორის საფრანგეთში, ხოლო გერმანიასა და მის ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში,[3] მათ სახელწოდებად გამოიყენება Kombi (კომბი, შემოკლება გერმ. Kombinationskraftwagen — სამგზავრო-სატვირთო კომბინირებული მანქანა).[4][5]
აგრეთვე განსხვავებული დასახელებაა დამკვიდრებული შეერთებულ შტატებში, სადაც მას უწოდებენ Station Wagon-ს, (ქართ. „სადგურის ვაგონი“), ვინაიდან ამგვარ მანქანებს, XX საუკუნის დასაწყისში, სასტუმროები აქტიურად აგზავნიდნენ რკინიგზის სადგურებში, პოტენციური სტუმრების დასახვედრად და მოსაზიდად, გამომდინარე იქიდან, რომ გააჩნდა მეტი მგზავრისა და ბარგის დატევის შესაძლებლობა.[6]
მახასიათებლები და აგებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსალის მთავარ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს ორგანყოფილებიანი წყობა და გაერთიანებული სივრცე მგზავრებისა და ბარგისთვის, რომელსაც გააჩნია ასაკეცი ან მოსახსნელი სავარძელი, სურვილისამებრ მგზავრებისთვის ან ბარგისთვის მეტი სივრცის გამოსათავისუფლებლად.
ასევე, მას გააჩნია უკანა კარი, რომელიც ჩვეულებრივ დამაგრებულია ჭერის დონეზე და უფრო მეტად შვეული ფორმა აქვს, ვინაიდან სახურავი ბოლომდე მიუყვება მანქანას მთელ სიგრძეზე, განსხვავებით ჰეტჩბეკისგან, რომელსაც აკლია უკანა (D) დგარი.[1] შედეგად, უნივერსალში მეტი სივრცე იქმნება ბარგისთვის, მეტად მოსახერხებელია მანქანაში ტვირთის განთავსება და უფრო დიდი ზომის გვერდითი ფანჯრები გააჩნია უკანა მხარეს, რაც აგრეთვე მეტად კომფორტულია გაზრდილი რაოდენობის მგზავრთათვისაც, რომელთა სავარძელიც, სწორედ საბარგო არეში ექცევა.
უნივერსალს უკანა განაკიდიც უფრო გრძელი აქვს, ვიდრე ჰეტჩბეკს, თუმცა ზოგადად, ევროპული უნივერსალებისთვის, ამერიკულ ვარიანტებთან შედარებით მოკლე განაკიდია დამახასიათებელი.[7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Hillier, Victor; Coombes, Peter (2004). Hillier's Fundamentals of Motor Vehicle Technology: Volume 1, 5th, Nelson Thornes, გვ. 11. ISBN 978-0-7487-8082-2. ციტირების თარიღი: 2019-03-1.
- ↑ (1969) Popular Mechanics, გვ. 104. ციტირების თარიღი: 2019-03-1.
- ↑ Why is it called a 'Station Wagon'?. jalopnik.com (2012-1-2). ციტირების თარიღი: 2019-3-3.
- ↑ Jürgen Utrata, Jürgen (2014). Utrata Fachwörterbuch: Straßenverkehr - Englisch-Deutsch/Deutsch-Englisch, გვ. 266. ციტირების თარიღი: 2019-03-1.
- ↑ Definition of Kombi. ციტირების თარიღი: 2019-03-1.
- ↑ Olsen, Byron. Station Wagons, გვ. 10. ციტირების თარიღი: 2019-03-1.
- ↑ W. Haajanen, Lennart. Illustrated Dictionary of Automobile Body Styles, გვ. 11. ციტირების თარიღი: 2019-03-1.