შინაარსზე გადასვლა

ვორმსის რაიხსტაგი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუთერი ვორმსის კრებაზე (გაფერადებული გრავიურა ხეზე, 1577).

ვორმსის რაიხსტაგი, ვორმსის კრება (გერმ. Reichstag zu Worms) — საიმპერიო კრება (რაიხსტაგი), რომელიც საღვთო რომის იმპერატორმა კარლ V-მ მოიწვია ქალაქ ვორმსში (ახლანდ. რაინლანდ-პფალცის მიწა, გერმანია) 1521 წლის 28 იანვარს მარტინ ლუთერის მოღვაწეობისა და პროტესტანტული რეფორმაციის შედეგების განსჯის მიზნით. კრება დასრულდა 1521 წლის 25 მაისს ვორმსის ედიქტით, რომელმაც ლუთერი ფორმალურად კანონგარეშე გამოაცხადა.

ვორმსის კრებას წინ უძღოდა რომის პაპის, ლეო X-ის მიერ 1520 წლის ივნისში გამოცემული ბულა, რომლითაც ის გმობდა ლუთერის „95 თეზისს“, მაგრამ რეფორმაციის ლიდერს აძლევდა მონანიების დროსა და საშუალებას. საპასუხოდ, ლუთერმა სახალხოდ ცეცხლს მისცა პაპის ბულა და საკუთარი შეხედულებებიდან განდგომაზე უარი განაცხადა. 1521 წლის 3 იანვარს ლუთერი რომის კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთეს. ამის შემდეგ იმპერატორს წესით ის უნდა დაეპატიმრებინა და სიკვდილით დაესაჯა, თუმცა ლუთერის სუზერენის — საქსონიის კურფიურსტ ფრიდრიხ III ბრძენის ჩარევით გადაწყდა ლუთერის საკითხის პოლიტიკურ სამსჯავროზე გატანა და მისი განხილვა იმპერატორის თავმჯდომარეობით მოწვეულ საიმპერიო კრებაზე. რაიხსტაგი 1521 წლის 28 იანვარს იმხანად თავისუფალი საიმპერიო ქალაქის სტატუსის მქონე ვორმსში შეიკრიბა.[1]

ლუთერი ვორმსის კრებაზე. მხატვარი ანტონ ფონ ვერნერი, 1877.

1521 წლის 17 აპრილს ლუთერი საიმპერიო კრების წინაშე წარსდგა. სხდომების მსვლელობისას მას უსაფრთხო გადაადგილების საშუალება მიეცა. გამოკითხვისას ლუთერმა დაადასტურა, რომ სამსჯავროდ გამოტანილი წიგნების ავტორი სწორედ თვითონ იყო, მაგრამ, როდესაც მას ჰკითხეს, მზად იყო თუ არა საკუთარ შეხედულებებზე უარი ეთქვა, ლუთერმა დასაფიქრებლად დრო ითხოვა. მომდევნო დღეს ლუთერმა განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უარყოფდა საკუთარ ნაწერებს, თუ წმინდა წერილის ან საღი აზრის ძალით შესძლებდნენ მისი მცნებების მცდარობის დადასტურებას ვინაიდან მას პაპების და კრებების არ სჯეროდა. ლუთერმა რეფორმაციის იდეების დასაცავად გერმანულად და ლათინურად გრძელი სიტყვა წარმოთქვა. საბოლოოდ, მან განაცხადა: „ჩემი სინდისი ღვთის სიტყვას ემორჩილება. მე არ შემიძლია და არც ვაპირებ მოვინანიო, რამეთუ სინდისის წინააღმდეგ წასვლა არც მართებულია და არც უსაფრთხო“. გადმოცემით, ამ დროს თქვა ლუთერმა ცნობილი ფრაზა: „აი, აქ ვდგავარ. სხვაგვარად არ ძალმიძს“ (კრების ოფიციალურ ჩანაწერებში ეს სიტყვები არ დასტურდება). მონანიებაზე ლუთერის უარმა კრებაზე არეულობა გამოიწვია, რის გამოც იმპერატორმა რაიხსტაგი ერთი დღით დაითხოვა. რაიხსტაგის პოლიტიკური ლიდერები პირად შეხვედრებზეც განიხილავდნენ ლუთერის ბედს, თუმცა მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ლუთერმა გადაწყვიტა ვორმსის დატოვება და შინ, ვიტენბერგში დაბრუნება. ფრიდრიხ III-ის ბრძანებით გზიდან მისი მეკობრული გატაცების ინსცენირება მოეწყო; ლუთერი უსაფრთხოების მიზნით შეაფარეს ვარტბურგის ციხესიმაგრეში, სადაც ბიბლიის გერმანულად თარგმნას შეუდგა. რაიხსტაგის შემდგომ სხდომებზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. მაისისთვის კრების მონაწილეთა უმეტესობამ ვორმსი დატოვა, კარლ V-მ კი დარჩენილი წევრები შეკრიბა და 25 მაისს ვორმსის ედიქტი გამოაცხადა.[1]

ლუთერის ძეგლი ვორმსში. მოქანდაკე ერნსტ რიტშელი, 1859.

რაიხსტაგის განჩინებით ლუთერის თხზულებები აიკრძალა, მათი ავტორი კი მოუნანიებელ მწვალებლად და სახელმწიფოს მტრად გამოცხადდა. ედიქტის ძალით ლუთერი უნდა დაეპატიმრებინათ და იმპერატორისთვის გადაეცათ. ლუთერის მზარდი პოპულარობისა და იმპერიის ზოგიერთი მთავრის მხარდაჭერის მეოხებით ეს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, თუმცა ედიქტმა ლუთერს გადაადგილება მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუზღუდა და დამოკიდებული გახადა საქსონიის კურფიურსტის მფარველობაზე. ვორმსში ლუთერის მიერ საკუთარი რწმენის ურყევმა დაცვამ ბევრზე მოახდინა შთაბეჭდილება. გერმანელ მთავართაგან პირველი, ვინც რეფორმაციული სულისკვეთება გაიზიარა, ბრანდერბურგ-ანსბახის მარკგრაფი და ჰოჰენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი გეორგი იყო. ასევე უშედეგოდ დასრულდა ედიქტის გადაწყვეტილებების სრულად გატარების მცდელობა 1522 და 1524 წლებში ნიურნბერგში მოწვეულ რაიხსტაგზე. მეტნაკლები წარმატებით ვორმსის რაიხსტაგის განჩინების აღსრულება რეფორმაციის მომხრეთა წინააღმდეგ მხოლოდ კარლ V-ის უშუალო მმართველობის ქვეშ მყოფი ისტორიული ნიდერლანდების ტერიტორიაზე ხდებოდა. საბოლოოდ, ვორმსის ედიქტმა ძალა 1555 წელს, აუგსბურგის რელიგიური ზავის დადების შემდეგ დაკარგა.[1]

ლუთერის საკითხის განხილვის გარდა, რაიხსტაგზე კარლ X-მ საღვთო რომის იმპერიის და ჰაბსბურგთა უზარმაზარი ტერიტორიების ადმინისტრაციის რეფორმაც სცადა. კერძოდ, კარლმა მის ავსტრიულ სამფლობელოებში იმპერატორის წარმომადგენლად და ერცჰერცოგად საკუთარი უმცროსი ძმა ფერდინანდი დანიშნა. ამ უკანასკნელს ასევე იმპერატორი სხვა გერმანულ მიწებზეც უნდა წარმოედგინა, თუმცა ეს გადაწყვეტილება სრულად არ განხორციელებულა და 1523 წელს გერმანიაში საიმპერიო წარმომადგენლობა გაუქმდა. ფერდინანდის მმართველობა ავსტრიაში და მისი სტატუსი გამყარდა 1531 წელს მისი არჩევით „რომაელთა მეფედ გერმანიაში“, ხოლო 1556 წელს კარლის გადადგომის შემდეგ, ის საღვთო რომის იმპერატორად აირჩიეს.

  • თინიკაშვილი, დავით (რედ.). რეფორმაციის 500 წელი და საქართველო (კონფერენციის მასალები). თბ., სქსკ. 2018, - 186გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Rex, Richard (2017) The Making of Martin Luther. Princeton University Press, გვ. 159-183. ISBN 9780691196862.