ვენა
ვენა Wien | |||||
| |||||
ქვეყანა | ავსტრია | ||||
---|---|---|---|---|---|
შიდა დაყოფა |
1 შტატუატარშტადტი 23 ბეცირკე (რაიონი) | ||||
კოორდინატები | 48°12′00″ ჩ. გ. 16°22′00″ ა. გ. / 48.20000° ჩ. გ. 16.36667° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | მიხაელ ჰეუპლი (ასდპ) | ||||
დაარსდა | ძვ. წ. I საუკუნე | ||||
პირველი ხსენება | 1. century BCE | ||||
ფართობი | 414.90 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 151—542 მ | ||||
მოსახლეობა | 1,680,266 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 4,011 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 2,268,656 (01.02.2007) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 01 | ||||
საფოსტო ინდექსი |
1010 - 1239, 1400, 1450 | ||||
საავტომობილო კოდი | W | ||||
ოფიციალური საიტი | wien.at | ||||
ISO 3166-2 | AT-9 | ||||
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1033 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ვენა (გერმ. Wien [viːn]) — ავსტრიის დედაქალაქი და ასევე ავსტრიის ცხრა მხარიდან ერთ-ერთი. 1,6 მილიონი მოსახლეობით (2,2 მილ. აგლომერაციაში, მთელი ავსტრიის მოსახლეობის ¼-ზე მეტი.) ვენა ავსტრიის უდიდესი ქალაქია, ისევე როგორც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი. არის ევროპის კავშირის სიდიდით მეათე ქალაქი.
ვენაში აქვს შტაბ-ბინა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის: გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA).
ქალაქი მდინარე დუნაის ორივე სანაპიროზე მდებარეობს და მხოლოდ 60 კმ-შია ავსტრიის აღმოსავლეთის საზღვართან. ვენა ცენტრალური ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს, ძალიან ახლოს ჩეხეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან.
ვენა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქალაქია და საკუთარი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიით დამსახურებულად უჭირავს დასავლეთის ცივილიზაციასა და მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი. საუკუნეთა მანძილზე წარმოადგენდა საღვთო რომის იმპერიის ცენტრს, საიმპერატორო დედაქალაქსა და ჰაბსბურგების რეზიდენციას. ამ დროიდან იგი განვითარდა, როგორც ევროპის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი. ვენა მეოთხე ქალაქი იყო ლონდონის, ნიუ იორკისა და პარიზის შემდეგ, რომლის მოსახლეობაც ორ მილიონს ითვლიდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვენამ თავისი მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დაკარგა. ვენის ძველი ცენტრალური ნაწილი, რომელიც ჰაბსბურგების დინასტიამდეც არსებობდა, ასევე შენბრუნის სასახლე ავსტრიის რესპუბლიკის მოთხოვნით შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვენა იმ მცირერიცხოვან ძველ ქალაქთა სიას მიეკუთვნება, რომელთა სახელი სხვადასხვა ენებში სხვადასხვაგვარადაა. გერმანულად ქალაქს Wien (ვინ) ეწოდება, ნიდერლანდურად კი — Wenen. ინგლისში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და სხვა ქვეყნებში ვენა Vien(n)a-ს სახელითაა ცნობილი. საფრანგეთში Vienne-ს უწოდებენ (ხშირად ფრანგულ სახელწოდებას დაერთვის სიტყვა Autriche საფრანგეთშივე არსებული ქალაქი ვიენისაგან განსასხვავებლად).
განსხვავებულია ქალაქის უნგრული და სერბული/ხორვატული/ბოსნიური დასახელებები Bécs და Beč. ორივე სიტყვა წარმოიშვა ოსმალური სიტყვისაგან Beç, რომელსაც თანამედროვე თურქულ ენაში Viyana ეწოდება.
არსებობს კიდევ ერთი განსხვავებული, სლოვენიური სახელწოდება — Dunaj, რაც ქალაქს მდინარე დუნაის ნაპირზე მდებარეობის გამო დაერქვა. თუმცა, თავად მდინარე დუნაის სლოვენიურად Donava. ვენას ჩეხურად ჰქვია Videň, სლოვაკურად Viedeň, პოლონურად Wiedeń. ქალაქის სახელწოდების ეს ვარიანტი მომდინარეობს ამავე სახელწოდების (ვიდენი) უბნისაგან, რომელიც ვენის ძველ ნაწილში მდებარეობს.
რომაულ წყაროებში ვენა მოხსენიებულია ძველი ლათინური სახელწოდებით — Vindobona.
ვენა სხვა ქვეყნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეერთებულ შტატებსა და კანადაში არსებობს რამდენიმე დასახლება, რომლებიც ავსტრიის დედაქალაქის გერმანულ ან ინგლისურ სახელწოდებას ატარებენ. ეს ქალაქები ძირითადად დაარსებულია ემიგრანტების მიერ, რომლებმაც ახალ დასახლებებს ძველი მშობლიური ქალაქის სახელი უწოდეს.
- ქალაქები სახელწოდებით Wien არის უისკონსინისა და მისურის შტატებში.
- Vienna — ჯორჯია, ილინოისი, ლუიზიანა, მეინი, მერილენდი, მისური, ნიუ იორკი, ონტარიო (კანადა), სამხრეთი დაკოტა, ტეხასი, ვირჯინია, უისკონსინი და დასავლეთი ვირჯინია
- New Vienna — ოჰაიო და აიოვა
- South Vienna — ოჰაიო
ჩრდილოეთ ამერიკაში ვიენა ან ვენა იშვიათად გამოიყენება ასევე ქალის სახელისათვისაც.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საუბრობენ, რომ ვენა მუდმივად დასახლებული ადგილი ძვ. წელთაღრიცხვით 500 წლიდან არის, მას შემდეგ რაც დანუბეს მდინარეზე კელტები დასახლდნენ. ძვ. წ. 15 წელს, რომაელებმა ქალაქის შემოსასვლელი გაამაგრეს რათა რომის იმპერია ჩრდილოეთში არსებული გერმანული ტომებისგან დაეცვათ.
ახლო კავშირი სხვა კელტურ ხალხებთან საუკუნეები გაგრძლდა. ირლანდიელი ბერი წმინდა კოლმანი მელკის სააბატოშია დაკრძალული, წმინდა ფერგილი კი ზალცბურგის ეპისკოპოსად 40 წელი მსახურობდა. ირლანდიელ ბენედიქტელთა ორდენის ბერებმა XII საუკუნის სამონასტრო კომპლექსები დაარსეს. ასეთი კავშირების მტკიცებულება არსებობს ვენის დიდებული შოთენშტიფთის მონასტრის (შოტლანდიელთა სააბატო) სახით, რომელშიც ერთ დროს უამრავი ირლანდიელი ბერი მოღვაწეობდა.
976 წელს, ლეოპოლდ I აღმოსავლეთ მარკის გრაფი გახდა. ეს იყო 60 მილზე გაშენებული რაიონი მდინარე დანუბეზე, რომელიც ბავარიის აღმოსავლეთ საზღვარს წარმოადგენდა. თავდაპირველი რაიონი გაიზარდა და ავსტრიის საჰერცოგოდ იქცა. ყოველი შემდეგი ბაბენბერგელი მბრძანებელი საჰერცოგოს აღმოსავლეთით, მდინარე დანუბეს გასწვრივ აფართოებდა, რის შედეგადაც საბოლოოდ შემოისაზღვრა ვენა. 1145 წელს, ავსტრიის ჰერცოგმა ჰენრი II-მ ბაბენბერგთა საოჯახო რეზიდენცია კლოსტერნოიბურგიდან ვენაში გადმოიტანა. ამ დროიდან მოყოლებული, ვენა ბაბენბერგთა დინასტიიც ცენტრად იქცა. [1]
1440 წელს, ვენა ჰაბსბურგთა დინასტიის საცხოვრებელ ქალაქად იქცა. ის საბოლოოდ გაიზარდა და საღვთო რომის იმპერიის დე ფაქტო დედაქალაქი გახდა 1437 წელს, ისევე როგორც კულტურული ცენტრი ხელოვნების, მეცნიერების, მუსიკისა და კულინარიის. 1485-დან 1490 წლამდე ქალაქი უნგრეთმა დაიპყრო.
XVI და XVII საუკუნეებში, ქრისტიანულმა ძალებმა ორჯერ შეაჩერეს ოსმალეთის იმპერიის ჯარები ქალაქის კედლებთან (ვენის ალყა 1529 წელს და ვენის ბრძოლა 1683 წელს). 1679 წელს ქალაქში ბუბონური შავი ჭირი მძვინვარებდა, რომელმაც ქალაქის მოსახლეობის თითქმის მესამედი შეიწირა.[2]
ავსტრო-უნგრული იმპერია და XX საუკუნის დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1804 წელს, ნაპოლეონის ომების მიმდინარეობისას, ვენა ახლად წარმოქმნილი ავსტრიის იმპერიის დედაქალაქი გახდა. ქალაქი აგრძელებდა ევროპულ და მსოფლიო პოლიტიკაში დიდი როლის შესრულებას, უმასპინძლა რა ცნობილ ვენის კონგრესს 1814-15 წლებში. 1867 წლის ავსტრია-უნგრეთის კომპრომისის შემდეგ ვენა კვლავ დარჩა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დედაქალაქი. ქალაქი კლასიკური მუსიკის ცენტრი იყო და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ვენაში გადასვლის შემდეგ ვენის კლასიკური სკოლა შეიქმნა. XIX საუკუნის მეორე ნახევრში ქალაქის ძველი გარეუბნები გაერთიანდა და ვენა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1918 წელს ვენა გერმანული ავსტრიის, ხოლო 1919 წელს ავსტრიის პირველი რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.
გვიანი XIX საუკუნიდან 1938 წლამდე, ქალაქი მაღალი კულტურისა და მოდერნიზმის ცენტრად რჩებოდა. ვენა მასპინძლობდა ისეთ კომპოზიტორებს, როგორებიც იყვნენ იოჰანეს ბრამსი, ანტონ ბრუკნერი, გუსტავ მალერი და რიხარდ შტრაუსი. ქალაქის კულტურული ღვაწლი, სხვა დანარჩენთან ერთად მოიცავს ფსიქოანალიზს, ვენის მეორე კლასიკურ სკოლას, ადოლფ ლოოსის არქიტექტურას, ლუდვიგ ვიტგენშტაინის ფილოსოფიას და რაღა თქმა უნდა ვენის წრეს. 1913 წელს ადოლფ ჰიტლერი, ლევ ტროცკი, იოსიპ ბროზ ტიტო, ზიგმუნდ ფროიდი და იოსებ სტალინი ყველა ვენის ცენტრალურ ნაწილში ერთმანეთისგან რამდენიმე მილის დაშორებით ცხოვრობდნენ, ზოგიერთი მათგანი ერთი და იგივე კაფეების მუდმივი კლიენტებიც კი გახლდნენ.[3] ავსტრიელებმა ვენას როგორც სოციალიზმის ცენტრი ისე დაუწყეს ყურება, აქედან წამოვიდა ქალაქის იმდროინდელი მეტსახელიც „Das rote Wien“, რაც გერმანულად წითელ ვენას ნიშნავს. ავსტრიის სამოქალაქო ომის დროს 1934 წელს, კანცლერმა ენგელბერტ დოლფუსმა, სოციალისტური დაჯგუფებების მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლების გასანთავისუფლებლად ავსტრიის არმია გაგზავნა.
Anschluss-ი ანუ შეერთება და მეორე მსოფლიო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1938 წელს, ქვეყანაში ტრიუმფალური შესვლის შემდეგ, ავსტრიაში დაბადებულმა ადოლფ ჰიტლერმა ავსტრიელ-გერმანელებს საიმპერატორო სასახლის ჰოფბურგის აივნიდან მიმართა. მომდევნე დღეებში დაიწყო ვენელი ებრაელების შეწუხება, ძარცვა, გადასახლება და მკვლელობა. [4] 1938 წლიდან (Anschluss-ის შემდეგ) მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, ვენამ დედაქალაქის სტატუსი ბერლინთან „დათმო“, ვინაიდან ავსტრიამ როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა და მესამე რაიხის ანუ ნაცისტური გერმანიის ნაწილად იქცა.
1945 წლის 2 აპრილს, საბჭოთა წითელმა არმიამ გერმანელების კონტროლირებად ვენაზე იერიში მიიტანა და ალყა შემოარტყა. ბრიტანულმა და ამერიკულმა საჰაერო რეიდებმა, ასევე საარტილერიო ორთაბრძოლებმა წითელ არმიასა და ვერმახტს შორის, ქალაქის ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიაყენა. დაზიანდა ან სრულად განადგურდა ათასობით საჯარო თუ კერძო შენობა. 11 დღის შემდეგ ვენა დაეცა. ომის შემდეგ ავსტრია კვლავ განცალკევდა გერმანიისგან და ვენა აღდგა როგორც რესპუბლიკის დედაქალაქი, თუმცა საბჭოელებს ქალაქი 1955 წლამდე ეპყრათ, სანამ ავსტრიამ სრული სუვერენიტეტი არ დაიბრუნა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდუსტრიალიზაციისა და იმპერიის სხვადასხვა ნაწილებიდან მიგრაციის გამო, ვენის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 1867-დან 1918 წლამდე. 1910 წლისთვის, ვენაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა და ლონდონისა და პარიზის შემდეგ ის სიდიდით მესამე ქალაქი იყო ევროპაში. [5] დაახლოებით XX საუკუნის დასაწყისში ვენა იყო ყველაზე მეტი ჩეხით დასახლებული ქალაქი პრაღის შემდეგ.[6] პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბევრი ჩეხი და უნგრელი თავის სამშობლოს დაუბრუნდა, რამაც ვენის მოსახლეობის კლება განაპირობა.
ნაცისტური რეჟიმის პერიოდში, 65 000 ებრაელი იქნა საკონცენტრაციო ბანაკებში გადასახლებული და მოკლული. დაახლოებით 130 000-მა კი გაქცევით უშველა თავს.[7]
2001 წლისთვის, ავსტრიაში მთლიანი მოსახლეობის 16% იყო სხვა ქვეყნიდან, აქედან ნახევარი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებიდან. სხვა მრავალრიცხოვანი ეროვნებები იყვნენ: თურქები (2,5% 39 000 ადამიანი), პოლონელები (0,9% 13 600 ადამიანი) და გერმანელები (0,8% 12 700 ადამიანი).
2012 წელს ავსტრიის სტატისტიკის ოფიციალურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ვენის მოსახლეობის 38,8%-ზე მეტს (660 000 ადამიანს) ნაწილობრივი ან სრული მიგრანტული ფონი აქვს, ძირითადად ყოფილი იუგოსლავიიდან, თურქეთიდა, გერმანიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და უნგრეთიდან. [8]
2005-დან 2015 წლამდე ქალაქის მოსახლეობა 10,1%-ით გაიზარდა. გაეროს დასახლებათა პროგრამის მიხედვით, ვენა შესაძლოა იყოს ევროპის 17 ქალაქის მეტროპოლიტურ არეთაგან ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი 2025 წლისთვის, 4,65%-იანი ნამატით 2010 წელთან შედარებით. [9]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვენის ფართობი შეადგენს 414,89 კმ²-ს და ამ მაჩვენებლით იგი ყველაზე პატარა ფედერალური მხარეა ავსტრიაში. ვენის ფედერაცია მთლიანად მოქცეულია ქვემო ავსტრიის მხარის შიგნით, რომელსაც ვენა, როგორც ცალკე ტერიტორიული ერთეული, 1921 წელს გამოეყო. მიუხედავად ფართობის სიმცირისა, სხვა ფედერალურ მხარეებს შორის ტრანსპორტისა და მშენებლობის ყველაზე მეტი წილი ვენაზე მოდის. ქალაქის მთლიანი ფართობის 11,6 % დამუშავებულ მიწებს უკავია, 11,1 % ქუჩებს, ხოლო 2,2 % — რკინიგზას. გარდა ამისა, ვენა გამოირჩევა ბაღებისა და პარკების სიმრავლით, რომლებსაც მთლიანი ფართობის 28,4 % უკავიათ და რაც მთლიანობაში 117,76 კმ²-ს შეადგენს.
ვენა ერთ-ერთია ავსტრიის იმ ოთხი ფედერალური მხარიდან, რომელიც ვაზის მოშენებას მისდევს. ფართობის 1,6 %-ს სწორედ ვენახები წარმოადგენენ. ტყით დაფარულია 17,8 %, სამეურნეოდ გამოიყენება ქალაქისა და ფედერალური მხარის 14,8 %.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვენას კიოპენის კლასიფიკაციით ოკეანური კლიმატი აქვს. ქალაქში თბილი ზაფხული იცის პერიოდული ნალექით, რომელმაც თავის წლიურ მაქსიმუმს შესაძლოა ივლისსა და აგვისტოში მიაღწიოს (შესაბამისად 66.6 მილიმეტრი და 66.5 მილიმეტრი). საშუალო მაღალი ტემპერატურა ივნისიდან სექტემბრამდე დაახლოებით 21-დან 27°C-მდე ფარგლებში მერყეობს. ამ პერიოდში რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ 38°C-ს გადააჭარბა, ხოლო რეკორდულად დაბალი სექტემბერში იყო 5.6°C. რაც შეეხება ზამთარს, ის ვენაში შედარებით მშრალი და ცივია, საშუალო ტემპერატურა კი დაახლოებით 0°C-ზეა. გაზაფხული ცვალებადია ხოლო შემოდგომა გრილი, შესაძლო თოვლიანობით უკვე ნოემბრიდან. ნალექიანობის მაჩვენებელი ძირითადად საშუალოა მთელი წლის განმავლობაში - 500 მილიმეტრი, თუმცა შესამჩნევი ლოკალური ცვალებადობით: ვენის ტყის რეგიონი დასავლეთით, ქალაქის ყველაზე ნალექიანი ნაწილია. აქ წელიწადში 700-დან 800 მილიმეტრამდე ნალექი მოდის. სწორი დაბლობები აღმოსავლეთში კი ყველაზე მშრალია და ყველაზე ნაკლებ ნალექს იზიდავს (500-დან 550 მილიმეტრამდე წელიწადში). ავსტრიის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებისგან განსხვავებით, ვენაში ზამთრობით ხშირად თოვს.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვენის განვითარებას ევროპის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ქალაქებს შორის ხელი შეუწყო მისმა მოსახერხებელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამაც. ქალაქი მდებარეობს ალპების ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთსა და ვენის ქვაბულს შორის. ვენის ისტორიული ნაწილი ჩაისახა მდინარე დუნაის სამხრეთით, დღეს კი ქალაქი მდინარის ორივე სანაპიროს მოიცავს. ვენა დაარსდა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ძველი სატრანსპორტო გზისა (დუნაის გასწვრივ) და სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიმავალი (ე. წ. ქარვის გზა) გზების გადაკვეთაზე. აქ დუნაი ადვილი გადასალახი იყო, მისი წყალი მდინარის რამდენიმე ტოტში იყო გადანაწილებული.
„რკინის ფარდის“ დარღვევის შემდეგ, 1989 წლიდან ავსტრიასა და მის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეზობელ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო და სამეურნეო ურთიერთობები კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმდროინდელ აღმოსავლეთ ბლოკთან გეოგრაფიული სიახლოვე მაინც შესამჩნევი რჩებოდა. ვენა სულ რაღაც 60 კმ-ითაა დაშორებული სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან; ორი ევროპული სახელმწიფოს დედაქალქების ასეთი სიახლოვე ერთადერთია (თუ არ ჩავთვლით ვატიკანსა და რომს).
ლანდშაფტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასახლებულ ტერიტორიას ქალაქის კუთვნილი ადგილების მხოლოდ მცირე ფართობი უკავია. ფართობის თითქმის ნახევარი მინდვრებსა და ტყეებს უჭირავს, დიდი ნაწილი გამოიყენება ასევე მეურნეობისათვის.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსიკა, თეატრი და ოპერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელგანთქმულ მუსიკოსებს, რომლებსაც აქ უმუშავიათ მიეკუთვნებიან: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, იოზეფ ჰაიდნი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ფრანც შუბერტი, იოჰანეს ბრამსი და სხვები.
ხელოვნებასა და კულტურას ვენაში დიდი ტრადიცია აქვს. ბურგთეატრი მიჩნეული გერმანულენოვანი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თეატრად. ვენის სახალხო თეატრი და თეატრი იოსეფშთათზე ასევე კარგი რეპუტაციებით სარგებლობენ. ქალაქში კიდევ უამრავი შედარებით პატარა თეატრია, რომლებიც მაყურებელს შედარებით არაკლასიკურ - თანამედროვე ექპერიმენტულ დადგმებსა და კაბარეებს სთავაზობენ.
ვენაში ასევე უამრავი ოპერის სახლია. მათ შორისაა 1801 წელს აშენებული ვენის თეატრი, ვენის სახელმწიფო ოპერა და ვენის სახალხო ოპერა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ტიპური ვენური ოპერეტების ერთგულია. კლასიკური მუსიკის კონცერტები ტარდება ისეთ ადგილებში, როგორიცაა ვენის მუსიკფეღაინი, რომელიც ვენის ფილარმონიული ორკესტრითა და მათი ფართოდ გაშუქებული ყოველწლიური „ახალი წლის კონცერტით“ არის ცნობილი.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავსტრიის დედაქალაქში უამრავი საფეხბურთო გუნდია. მათ შორის ყველაზე გამორჩეულები არიან:
- ვენის ავსტრია - რომელსაც ავსტრიის ბუნდესლიგა 21-ჯერ (ავსტრიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგა), ხოლო ავსტრიის თასი - 27-ჯერ აქვს მოგებული რაც რეკორდული მაჩვენებელია
- ვენის რაპიდი - მათ ბუნდესლიგის ტიტულებში ეკუთვნით რეკორდი. გუნდს ავსტრიის შიდა პირველობა 32-ჯერ აქვს მოგებული
- პირველი ვენა - 1894 წელს დაარსდა და ავსტრიული ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ნათამაშები.
ვენა მასპინძლობს უამრავ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას, მათ შორის ქალაქის მარათონს, რომელიც ყოველი წლის მაისში იმართება და მასში 10 000-ზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას. 2005 წელს ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრიაში გაიმართა, მის ფინალს კი ვენამ უმასპინძლა. ერნსტ ჰაპელის სტადიონმა ოთხ ჩემპიონთა ლიგის (1992 წლამდე ევროპის ჩემპიონთა თასი) ფინალს უმასპინძლა 1964, 1987, 1990 და 1995 წლებში. აქვე გაიმართა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი, სადაც ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანია დაამარცხა ანგარიშით 1-0.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Wien.info – Official site of the tourism board: events, sightseeing, cultural information, etc.
- Wien.gv.at – Official site of the municipality, with interactive map.
- List of Embassies in Vienna დაარქივებული 2006-01-13 საიტზე Wayback Machine.
- surfvienna.net – Virtual Tour of Old Vienna and more
- Photos of Vienna at night (very-bored.com) დაარქივებული 2010-01-01 საიტზე Wayback Machine.
- Hundreds of articles on historical buildings of Vienna: Churches, Palaces, Art, Culture and History of Vienna დაარქივებული 2017-10-11 საიტზე Wayback Machine.
- Jews in Vienna (from Encyclopaedia Judaica 1971) დაარქივებული 2014-06-06 საიტზე Wayback Machine. .
- Vienna Information დაარქივებული 2010-01-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lingelbach, William E. (1913). The History of Nations: Austria-Hungary. New York: P. F. Collier & Son Company. pp. 91–92. ASIN B000L3E368
- ↑ Spielman, John Philip (1993). The city & the crown: Vienna and the imperial court, 1600–1740. West Lafayette, Indiana: Purdue University Press. p. 141 ISBN 1-55753-021-1
- ↑ https://www.bbc.co.uk/news/magazine-21859771 BBC News. 18 April 2013. Retrieved 11 November 2013.
Freud's favourite haunt, the Cafe Landtmann, still stands on the Ring, the renowned boulevard which surrounds the city's historic Innere Stadt.
Trotsky and Hitler frequented Cafe Central, just a few minutes' stroll away, where cakes, newspapers, chess and, above all, talk, were the patrons' passions.
- ↑ https://www.nytimes.com/2002/03/07/world/vienna-skewered-as-a-nazi-era-pillager-of-its-jews.html The New York Times. The New York Times. Retrieved 11 May 2017.
- ↑ Porter, Darwin; Prince, Danforth (2009)https://books.google.ge/books?id=b6jLTn7cN3oC&pg=PA16&redir_esc=y
- ↑ Wieninternational.at. Archived from the originalon 12 May 2014. Retrieved 19 May 2012.
- ↑ https://www.jewishvirtuallibrary.org/vienna Jewishvirtuallibrary.org. Retrieved 19 May 2012.
- ↑ http://www.statistik.at/web_de/statistiken/menschen_und_gesellschaft/bevoelkerung/bevoelkerungsstand_und_veraenderung/bevoelkerung_zu_jahres-_quartalsanfang/023582.html statistik.at. Retrieved 12 February 2016.
- ↑ https://web.archive.org/web/20150925074331/http://www.unhabitat.org.jo/en/inp/Upload/1052216_Data%20tables.pdf UN-Habitat. Archived from the original (PDF) on 25 September 2015. Retrieved 21 August 2015.
|
|